2024 წელს წინა წელთან შედარებით, ბიზნესს სექტორის ბრუნვის მოცულობა 11.6%-ით 228.5 მილიარდამდე გაიზარდა.
საქსტატის ინფორმაციით, ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. შარშან მისი მოცულობა 90.5 მილიარდი ლარი იყო, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 16%-ით მეტია.
გასულ წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 68% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 16% — საშუალოზე, ხოლო 16.5% კი — მცირე ბიზნესზე.
განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 47%, საშუალოზე — 25.5%, ხოლო მცირე ბიზნესზე — 28%.
2024 წელს საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა — 115 მილიარდი ლარი (2023 წელთან შედარებით 5.4%-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა 71.4 მილიარდი ლარი (2023 წელთან შედარებით 0.2%-ით მეტი) შეადგინა.
შარშან ბიზნესს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 866 ათასი კაცი იყო, რაც წლიურად 5.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 39% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 20% — საშუალოზე, ხოლო 40% — მცირე ბიზნესზე.
ბიზნესს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2024 ლარს გაუტოლდა (2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 197 ლარით).
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი ასეთია:
⦁ მსხვილი ბიზნესი – 2 297.4 ლარი;
⦁ საშუალო ზომის ბიზნესი – 2 443.8 ლარი;
⦁ მცირე ბიზნესი – 1 437.5 ლარი
ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი, 34% ვაჭრობის (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) დარგზე მოდიოდა, მეორე ადგილზე იყო ხელოვნება, გართობა და დასვენება 33.5% წილით, შემდეგ კი — დამმუშავებელი მრეწველობა 7.9% წილით, მშენებლობა — 6.6% წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება — 4.6% წილით,
2024 წელს ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებდა დამმუშავებელი მრეწველობა (19%) და მშენებლობა (18.7%), შემდეგ მოდიოდა ვაჭრობა (18.5%) და ტრანსპორტი და დასაწყობება (9.2%). დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნესს სექტორში ლიდერობდნენ ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამმუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები.